წერილი გაწყვეტილ ამბავს

მე უკვე 23 წლის ვარ.
ოცდასამი წელი – რაღაცნაირ მრგვალ ემოციებს აღძრავს ჩემში...
დღეს შენი დაბადების დღეა და... წერილის მოწერა მომინდა, რამდენი სათქმელი დამიგროვდა! ყველა ერთბაშად მაწყდება გონებას, პირველობისთვის იბრძვიან, იმდენნი არიან!
ჩვენ ყველანი კარგად ვართ, აი, ისე რა, როგორც ცხოვრებას შეეფერება...
მენატრები ხოლმე...
ვეფლობი ცხოვრების რუტინაში, მავიწყდება ყველაფერი და უცებ, დგება წუთები, როდესაც მახსენდები... საშინელ ტკივილს ვგრძნობ.
მახსენდება ჩემი მთელი ბავშვობა, ყველაფერი თვალნათლივ და დაზეპირებით! სასტიკად მეშინია, რომ დრომ არ წამართვას ხსოვნა, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ დრო უძლურია ერთადერთ რამის წინაშე...
......................................................
გახსოვს ჩვენი სოფელი?
შვილიშვილებიდან, ყველაზე მეტ დროს ჩვენ ვატარებდით ერთად, ასე ხდებოდა...
ჩვენ გვიხაროდა ერთმანეთი, ჩვენ გვიყვარდა ჩვენი ბაღები და მცენარეები. ჩვენ მათ ვუვლიდით, ვრწყავდით, ვბარავდით, ვსხლავდით, ვმარგლავდით, ვთოხნიდით...
შემოდგომით ჭირნახულს ვიღებდით და ვახარებდით თბილისს.
ამ ჭირნახულის აღებისას გაცივდი სწორედ, როდესაც დილით 7 საათზე ამდგარი, ელოდებოდი ავტობუსს წვიმაში, რომ ჩვენ, შვილიშვილები გაგეხარებინა და ხილი, სოფლის ნუგბარი ჩამოგეტანა და ყუთებითა და ვედორებით ადგილი დაგეკავებინა .
გადაუღებელ წვიმაში იდექი და ელოდი, ელოდი იმ სიხარულს.
მერე მთელი გზა ტანზე შეგაშრა ტანისამოსი, იქნებ იმ დანჯღრეულ ავტობუსში, რომელიმე ნასვრეტიდან ქარი უბერავდა, გაციებდა...
იმ დღეს მეც შენთან უნდა ვყოფილიყავი და უფლება არ მომეცა დასველების.
ქოლგას მაინც დავიჭერდი ხელთ!
ვიხსენებ და ვეღარ მომიგონებია, რატომ იყავი მარტო წასული.
მაგრამ რამდენჯერ გაგიკეთებია ასე...
...............................................................
შენსავით ვერავინ მიგებს. შენ რომ გამიგებდი ისე...
შევეჩვიე.
ძალიან პრაგმატულიც გავხდი და აღარც მადარდებს ეს ქვეყანა.
შენ ასე არ უნდა წასულიყავი და ვადანაშაულებ სიკეთეს. სიკეთე ხომ ყველაფერს ხედავდა შენსას, შენ ქმედებებს, სულს, ფიქრებს...
რატომ ტანჯვა? განა მართლა წინაპრების გამო, მარტო შენ უნდა გეტვირთა ყველას ცოდვა? რა ბოდვაა, სისულელეა...
მე ვებრძვი ჩემს სევდას, ახლაც ავდგები და გავაგრძელებ რაიმე დებილობის კეთებას, რომელიც სამომავლოდ შემეწევა რამეში.
.............................................................
შენთან ერთად ვცადე თავის მოკვლა.
ჯერ უნდა დავრწმუნდე არსებობის არსსა და მიზეზების შედეგებში.
ამიტომ შევჩერდი.
თუმცა ყოველთვის მხიბლავს ის აზრი, რომ ეს ძაფი ჩემს ხელთაა, და როცა მომესურვება, მაშინ გადავჭრი, გავწყვეტ... შენთან წამოვალ ...
მერე კი ჩვენს შეწყვეტილ ამბავსაც ექნება გაგრძელება...
და აღარც შავი, გრძელტარიანი ქოლგები დაგვჭირდება წვიმისგან თავდასაცავად...

1 ჭუპრპოსტი:

  1. აქამდე სათქმელად მქონდა, რომ არ მიტირია არავის პოსტზე

    ReplyDelete