ადამიანი "50 წიგნი" მიდის უილიამ თეკერეისთან

"50 წიგნის" ინტელექტუალური მოგზაურობა კვლავ მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში გაგრძელდა და ბრიტანელი საზოგადოების გამქირდავ, გამქილიკებელ მწერალს - უილიამ თეკერეის მიუკაკუნა კარზე.

ბატონმა უილიამმა უკმაყოფილოდ გამოაღო კარები და კინაღამ შემოეფურთხ-შემოელანძღა დამხვდური, როდესაც შეიტყო ერთი შორეულად მითიურ-დემოკრატიული 21-ე საუკუნის სახელმწიფო, სახელწოდებით საქართველო, თავის საუკეთესო ლიტერატურის ორმოცდაათეულში 29-ე ადგილს გითმობთო.
საცოდავი კაცი, გალურჯდა და კინაღამ გონი დაკარგა - ნუთუ საზოგადოება ამ თემას ვერ გასცდა და ამოძირკვა ერთხელ და სამუდამოდ თავიანთი ყოფიდანო?! ადამიანმა "50 წიგნმა" დაამშვიდა მწერალი და აუხსნა, რომ ქართველებს ძალიან უყვართ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების კლასიკა. თან გიჟდებიან ერთი და იმავე წიგნის თავიანთ თაროებზე დალაგაბაზე, სხვადასხვა გამოცემების, სხვადასხვა სტამბების, სხვადასხვა სხვადასხვაობების.
აქ, უილიამი ცოტა დაეჭვდა და გაიფიქრა კიდეც, შეშლილი ხომ არ გადამეკიდა ვიღაც ოხერია - რაში უნდა სჭირდებოდეთ ადამიანებს წიგნების უბრალოდ თაროზე შემოდებაო?

ადამიანი "50 წიგნი" მიხვდა მწერლის ორჭოფობის მიზეზს და მნიშვნელოვნად განაცხდა, რომ თუკი მსგავსი ტიპის დაჯილდოება გაიმართებოდა, მთელი იბერიელი მოსახლეობა პირობას დებდა აღარასოდეს გაემეორებინათ იგივე ლიტერატურის მოხვედრა. ხოლო რაც შეეხება წიგნების თაროზე შემოდებას, ეს იმას ჰგავს, კომბლე რომ კომბლებს სხვენში ალაგებდაო.

აქ კი, ბატონმა მწერალმა, სრულიად გაუგებარი გამომეტყველება მიიღო და საჭირო გახდა კომბლეს ზღაპრის მოყოლა და ქართული საზღაპრეთის სიღრმეებში ჩახედვა. საბოლოოდ, მწერალმა დასკვნა გამოიტანა - ალბათ, ქართველებს წიგნები თავდასაცავად და საჩხუბრად სჭირდებათო, თუმც კი ხმამაღლა თავისი ვარაუდი არ გამოუთქვამს და ადამიან "50 წიგნს" მხოლოდ თავისი დიდი დაინტერესება გააცნო მისი ერისადმი.

ამასობაში ჩვენი მწერალი სრულად მოვიდა გონზე და ახლაღა ჩაწვდა წინ რა დიდი სასწაული ედგა - ადამიანი მომავლიდან! რამდენ რამეს გაიგებდა საკუთარ თავზე, არიქა! უნდა გამოვკითხო რაღაც-რაღაცებიო. უილიამმა ადამიანი შინ შეიპატიჟა, ინგლისური ჩაი მიართვა და კითხვების დასასმელად შეემზადა.
"ადამიანმა "50 წიგნმა" ეს რომ შენიშნა, ცოტა კი გაწყრა, ამხელა კაცი რეებს მიბედავსო, მომავალის ცოდნა ღმერთის გარდა ვის რაში გამოადგებაო და შეახსენა, რომ წინ კიდევ ოცდაერთი მწერლისთვის უნდა მიეკაკუნებინა კარზე და დრო არ ითმენდა.

ის მაინც მითხარი რა დაემართა ჩემ გმირ ბეკი შარპასო, აღმოხდა მწერალს. ადამიანმა "50 წიგნმა" გულისხმიერება გამოიჩინა და მოკლედ მოუთხრო: შენი ბეკა ქალბატონ ბოვარს მიამსგავსეს და შენი წიგნის მანკიერებები ისე ჰგავს ახლა სხვა ქვეყნების მანკიერებებს, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენო. კიდევ, დიკენს გადარებენ ზედმეტად რეალისტური აღწერილობის გამო, მართალია შენი რომანების პესიმიზმი, ზოგჯერ საზღვრებს სცილდება, მაგრამ ინგლისელი ხალხი მაინც შეგიყვარებს და დაგაფასებსო. კიდევ, შენი ამაოების ბაზარი მომდევნო საუკუნეებში ძალიან "დზერსკი" და "ფეშენი" ჟურნალის, ელიტარულობის სიმბოლო გახდებაო (იმ ორი სიტყვის არსი, როგორღაც მიახვედრა - მოდა, ტანსაცმელი და ეგეთი რამე-რუმეებიო).
კიდევ უნდოდა კინოვერსიებზე და ტელე დადგმებზე მოეყოლა რამე, მაგრამ შეჩერდა - მიდი და აუხსენი, ეგ რა ხელოვნების დარგებია!

ადამიანმა "50 წიგნმა" თავის უდროო საათს დახედა და წამოხტა - ორშაბათი მოდის და თქვენი წიგნი უნდა მივაწოდო საგაზეთო ჯუხურებსა და წიგნის მაღაზიებსო. ბატონი უილიამი, ჯერ მაინც მთლად დაეჭვებულმა, ხომ არ მომელანდა ეს ყველაფერიო, გულმხურვალედ ჩამოართთვა ხელი გურჯისტანელ ალუზიას და მშვიდობის გზა უსურვა შორეული ქვეყნისაკენ...

10 comments:

  1. თეკერეისაც კი უკვირს 50 წიგნის თაროზე შემოდების ამბავი :)) არ ინერვიულოთ, ბატონო უილიამ, ეს პირველი "ამაოების ბაზარი" იქნება ჩემს ბიბლიოთეკაში :D ბოლო-ბოლო ხომ უნდა გავიცნო ბეკი...

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც დავამშვიდებ, ბატონ უილიამს და ხმები მომივიდა, ძალიან კარგი წიგნიაო. ასე რომ, ველი მეც ბეკის :)

      Delete
  2. ეს პოსტი მირჩევნია თავად მაგ ნაწარმოებს. მთქნარებ–მთქნარებით ჩავიკითხე თავის დროზე )))

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ბიო :)
      მე გადავწყვიტე ახლა წავიკითხო, მით უმეტეს პროექტის გამშუქებელი ვარ და თან ბოლო-ბოლო კლასიკის აზრზეც ხომ უნდა ვიყო? :) ;დ

      Delete
    2. აი, მაგ ბოლო ვარიანტის გამო წავიკითხე მეც )))

      Delete
  3. კლასიკის დიდი მოყვარული არ ვარ, ბევრი წიგნი ძალით და მთქნარებით მაქვს წაკითხული, ზოგიც საერთოდ არწაკითხული. თუმცა თეკერეი გამორჩეულად მომეწონა როცა წავიკითხე, სახლში არ მაქვს სიამოვნებით შევიძენ და თვალსაც გადავავლებ ;)

    ReplyDelete
    Replies
    1. ბევრი + დაუგროვდა წიგნს და მიხარია :))

      Delete
  4. მე პირადად არ მომეწონა,საპნის ოპერას მაგონებს და არც იმხელა პატივი დავდე, რომ ბოლომდე წამეკითხა.თეკერეის დიკენსი მირჩევნია, სულ ცოტა დამღლელი მაინც არ არის.

    ReplyDelete
  5. მე დავიწყე მაგრამ რატომღაც სათანადოდ არ მიმიზიდა,თუმცა ამ ზაფხულს ვაპირებ მივუბრუნდე :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ასევე, თუმცა მიბრუნებას აღარ დავუპირებ.

      Delete

საკითხავი ის არის, ვინ არის აქ გამკითხავი, - მოუჭრა ალთა-ბალთამ, - მე ჩემი სიტყვის პატრონი ვარ, ჰოდა, როგორც მომეპრიანება, ისე დავტვირთავ!