ინსტაგრამი, სხეულების სასაფლაო

↠ნაწილი Ⅰ - გაშიშვლება↞

შიშველი სხეული ყველგან. სიშიშვლე - მანიპულაცია, შიშველი - მკრეხელი.
კოჭს ზევით, თუ კოჭს ქვემოთ? საზომი - უამრავნაირი.
ქვედაბოლო: მუხლთან, ცოტა ქვემოთ თუ სულ ცოტა ზემოთ?
შარვალი: ბარძაყებთან გამოხეული ან მუხლებთან.
პერანგი: მკერდამდე მოღეღილი თუ ჭიპამდე ჩახსნილი?
ტანსაცმელი ათასნაირი, ღილებიან-ჯიბეებიანი, განიერ-ნასვრეტებიანი. მილიონები.
ვაჯერებ ყველაფერს, რაც უთქვამთ, უსწავლებით, ამომიკითხავს, დამინახავს, გამიგონია.
ვიცი: სიშიშვლე ჩემი  ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ი  მდგომარეობაა. სხეული ერთადერთი საგანია, რაც რეალუად გამაჩნია. ჩემს ირგვლივ ყველაფერი ფუჭდება, ქრება, ინთქმება, ნადგურდება, იჭრება, იკუწება, ფხვიერდება, იშლება, თავდება - ჩემი სხეულის გარდა. როდისმე მასაც დაემართება ყველაფერი ეს, მაგრამ მანამდე, მხოლოდ მე ვფლოფ მას, მხოლოდ მე განვკარგავ, მხოლოდ მე ვმბრძანებლობ.
ჩემი სხეული, ჩემი  ს  ა  ქ  მ  ე  ა.

ჩემი სხეული - ბრძოლის ველია. ბრძოლა აქვს გამოცხადებული ყველა მიკრო თუ მაკრო ორგანიზმს, ძალაუფლებებს, სტრუქტურებს, ქვედანაყოფებს, განყოფილებებს, მიწიერ თუ ზეციურ სამყაროებს, ლიდერებს, მიზოგინებს, სექსისტებს, ეიჯისტებს, ყველაფერფობებს.

ჩემი სხეული - საბძოლო იარაღია. საზარბაზნე ხორცია, სატყვიე ნაჭერია, საყუმბარე მასალაა, საექსპერიმენტო ორგანიზმია, სასაკლაო მატერიაა, სადამწვრო ტაძარია. დასანტაჟებელი, დამაინტრიგებელი, სასკანდალო მედიაა.

ჩემი სხეული - ნაბრძოლი კაჟია. საუკუნეების, ათასწლეულების, ათეულწლების, საათების, წუთებისა და წამების, ყოველდღიური გადარჩენის, თავისუფლების დამსახურების და მოპოვების. დრო - სხეულების ისტორიაა. ყოველგვარი სხეული: კაცური, ქალური, ახალგაზრდული, მოხუცი, დაძაბუნებული, შეზღუდული გარემოს შესაძლებლობების, ქართული, თათრული, ავსტრალიური, ტრანსექსუალური, წმინდა თუ შებილწული: ბრძოლობდა, ბრძოლობს და იბრძოლებს. ცეცხლს დააკვესებს, კოცონს გააჩაღებს, მსხვერპლად შეეწირება, სახელმწიფოებს დაამხობს, ჩაიფერფლება, მაგრამ გადარჩება.

ჩემი სხეული - ბრძნული ბრძოლაა. ლიმიტირებული, შეზღუდული, საზღვარდადებული. ბიოლოგიურად დასრულებული და განფენილი. ბაქტერიების, მოლეკულების, ვირუსების სასახლე. მთელი დედამიწა, ეს ერთი სხეულია და მთელი სხეული - მთლიანი დედამიწა. სიკვდილამდე. სიკვდილის შემდგომ - სრული კავშირი.

ჩემი სხეული - არჩევანის ბრძოლებია. მე ვირჩევ, როდის დავასრულო ის ან როდის დავასრულო მასში წარმოშობილი სხვა სხეული. მე ვირჩევ, იქნება ის შიშველი თუ დაფარული, თმიანი თუ ბალნიანი, დახვრეტილი თუ ნახვრეტებდაცული, სქესიანი თუ უსქესო, ჭუჭყიანი თუ გასუფთავებული, ერთ სხეულთან გაზიარებული თუ უამრავთან, ნაზიარები თუ უზიარებო, თმაგაშლილი თუ თმადაფარული, ფერებით მოხატული თუ ერთფერა, ნამარხულები თუ უმარხულო, ხორცისმჭამელი თუ მობალახე, მდუმარე თუ მოლაქლაქე, შორსმჭვრეტელი თუ ადვილცანცარა.

სხეულის სამი ბედისწერა: დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი.

↪ნაწილი Ⅱ - ინსტაგრამი↩

ტრანსფორმაცია, ტრანსლაცია, ტრანსფიგურაცია.
სოციალური ქსელები ყოველგვარ ტრანსს გვთავაზობენ. ყველაფერს, გარდა შენი თავისა. აირჩიე სასურველი ობიექტი, დააჭირე ღილს და დაიწყე მისი გამოძერწვა. მაქსიმალური იდეალი, როგორსაც გინდა, რომ გხედავდნენ და აღგიქვამდნენ. შენ, შენ აღარ იქნები. შენ დაივიწყებ ყველაფერს. გექნება საკუთარი სამყარო. შენი სხეული გაციფრულდება და წარმოქმნის სუბიექტურ რეალობას. შენ შეგეძლება ყველა განდევნო ამ სამყაროდან, როგორც უჯრედმა.

ვინ თქვა, რომ ინტერნეტმა რეალობა ჩაანაცვლა? დარწმუნებული ვართ, რომ მანამდე გვქონდა ის? ვინ შეძლო რეალობის მოხელთება და რას ვუწოდებთ ან ვგულისხმობთ "რეალურ სამყაროში". სად არიან სხეულები აქ და ამჟამად. რას აკეთებენ, რად იქცევიან, როგორ ვითარდებიან.
რეალური სამყარო ხელოვნებით ამაყობს, მაშინ ინტერნეტი სრულიად საოცარო, ზე-ხელოვნებაა. ინტერნეტი უკვე მოცემულობაა, სადაც შეეცადო, მიუახლოვდე რეალურს, სასაცილო და ყალბია. ინტერნეტის ჩარჩო უკვე ხელოვნების ილუზიითაა შემოჭედილი. აქაც, სხეულს მხოლოდ დესტრუქციის შეტანა ძალუძს, სხეულის ფლობა, სხეულის გაყიდვა ან შესყიდვა.
იმაჯენიზაცია, ფანტაზირება, ფეტიშირება, ვუაერიზება, კულტივაცია, ანტიკურობა.

ინსტაგრამში ყველაფერი კიდევ უფრო უკეთ ჩანს. ინსტაგრამის ხედვა, მობილური ეკრანის ხედვაა, უფრო დავიწროვებული ოთხი მართკუთხა გვერდის. ინსტაგრამი მთლიანად სახე-ხატებით იკვებება. რეალობიდან ამოჭრილი ნაკუწებით, გადაღებილ-შეფერადებული ნაწყვეტებით, სხვადასხვა ეფექტების კომბინაციებით, აღმგზნები, დასაკლიკი, ჩასაქროლვი ელემენტებით. აქ სამყარო კიდევ უფრო პატარავდება. აქ სახე-ხატები წინდაწინ გამზადებულია. სიმბოლოები მთლიანადაა წარმოდგენილი. მატრიცა ჩამოსხმული და ჩამოყალიბებულია. ვიზუალი ბატონობს მის ყოველ წახნაგში.

ჩემი ინსტაგრამი, ჩემი სხეულის ნაწილების სასაფლაო. ეს ნაწილები რაღაც ერთ მომენტში გაიყინენ ციფრულ რეალობაში და ასე შეყინულები განაგრძობენ ცხოვრებას. სხეულის გაყინულწამიანი ნაწილები. ისინი მუდმივობისთვის არიან განწირულნი. ამასობაში ფიზიკური სხეული ცვლილებებს განიცდის და გაშმაგებული ცდილობს მოასწროს დაფიქსირება, გაზიარდეს, დალაიქდეს და ჩაეწეროს სტრუქტურაში. ინსტაგრამი სხეულს დიდ პრივილეგიას და სიმდიდრეს სთავაზობს. აქ მეფეთა მეუფე ხარ. აქ, უბრალო "არტი" ქრება, აქ უბრალოდ, ყველა ხელოვანია. აქ უფრო მეტი ხელია, უფრო მეტი ვნებაა, მეტი ხელის ვნებაა, მეტი ხელოვნული ხელებიც და ვნებებიც. ჰეშთეგები ისწრაფვიან დაეწიონ სულებს, ჩაებღაუჭონ და გადაასწრონ. აქ მათი საბრძანებელია, აქ მხოლოდ ისინი ინახავენ მეხსიერებას.

ინსტარგამი ღვთისმშობლის კალთაა. იმ სხეულებისთვის, რომლებიც ვერავითარ რეალობას ვერ ურიგდებიან, სხეულზე აყრით, ცუდად ხდებიან, მაგრამ მაინც არიან. უნდა იყვნენ, უნდა დამშვიდნენ. ეს არის ცხოვრება, ასეთი სამყარო დაგვახვედრეს საყვარელმა წინაპრებმა. სხეულები მარცხდებიან. სხეულები იმარჯვებენ.
ჩემი სხეული, ჩემი ინსტაგრამის ნაწილების სასაფლაო.

⇝ნაწილი Ⅲ - ფროიდი⇜

მე მძულდა ჩემი თავი და ვისწავლე შევიყვარო ის. მე მძულდა ჩემი სხეული და ვისწავლე მისი მოფერება. მე მძულდა ჩემი კანი და ვისწავლე გავაუმჯობესო ის. ყური დავუგდე ჩემს თავს, სხეულს და კანს. ბევრი რამ აღმოვაჩინე. მუდამ გარეთ გავრბოდი და ამიერიდან შიგნით გავრბივარ. იქ ვიქექები, ვღრმავდები, ვეფლობი. თავშესაფარს იქ ვაშენებ. თუ საჭიროა, ვანგრევ ძველ თავშესაფრებს.
უჯრებს ვალაგებ, ვასუფთავებ, ვწმენდ, ახლებს ვაწყობ.
სხეულის წარმოებაში, კაცებიც ისევე განვიცდით ობიექტიზაციას, როგორც ქალები. სხეულები ერთმანეთს ებრძვიან. ბევრი ტაბუ სიშიშვლეზე - ბევრი საჯარო დაპყრობა და განდევნა. მეტი გამომზეურება - მეტი გათავისუფლება და მიახლოება პირველყოფილ, წმიდა, თვითნაბად მდგომარეობასთან. აქ არ არის მორალი, არ არიან ბავშვები. ვითომ უმწიკვლო, ვითომ ნატიფები, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ. ვისგან? რისგან? თავადაც შიშვლები რომ დაიბადნენ და დედის საშოდან გადმოინთხნენ ლორწოთი, პლაცენტათი და სისხლით სავსენი? აქ ვერ ხედავთ მორალს? თუ ეს არის ჭეშმარიტი ბუნებრიობა? ეს ყოფილა ჭეშმარიტი აქტი სიყვარულის და ბედნიერების. ეს გამწარებული ტირილი, მოფართხალე სიშიშვლე, ჭიპლარგადაჭრლი, ჰაერშემხუთავი.
სასწრაფოდ, სხეული თავიდანვე უნდა მიეჩვიოს ნაჭრებს და ჩვრებს, უნდა გაგახვიონ, შენ კანს უნდა ასწავლონ თურმე მორალურად მოქცევა. დამალე, ჩქარა, შენი სასქესო ორგანო, პატარავ, დამალე, თორემ, აი, ბიძია მოვა, რომლის მთელი სხეულის ცხოვრება-ისტორია გამუდმებურ სტრესში მყოფობაა, და შენი ორგანოს შემხვედვარეს, რაღაც სხვანაირი, პერვერსიული აზრები მოუვა, შეშინდება და თავს კონტროლს დაუწყებს, განდევნის, "რამე ისე არ ვთქვა", "რამე ისე არ მოვიმოქმედო". მერე ხელით გაეთამაშება და მამას შეაქებს, საუცხოო სათესლე ჯირკვლებს შეუქებს, ბრწყინვალე გენებს. სიტუაცია იგვლივ აღტაცებული და დამუხტული. მემკვიდრე იშვა, შიგნითშეთხეულთესლა თუ გარეთგანმომთხეველი?
კარგად დააკვირდი ამ სახეებს, პატარავ, ისინი ათასობით არიან და ძალიან მალე, შენც ზუსტად მათნაირი გახდები.

Comments

Popular Posts